იდეის ნომერი: 20128
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: თორნიკე გელაძე
განხორციელების ვადა (დან): 2022-05-25
განხორციელების ვადა (მდე): 2023-05-25
ბიუჯეტი: 240000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი დანადგარი

1

200000

წლიური ადამიანური რესურსი

4

40000

პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმში პლასტმასის ნარჩენების შეგროვება, შემდეგ გადამუშავება და მისგან სკამების, მაგიდების, მერხებისა თუ სხვა ეკო-ინვენტარის დამზადება ქალაქის საჯარო სივრცეებისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ასევე, ადგილობრივების ცნობიერების ამაღლება პლასტმასის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ შეამცირებს ეკოლოგიურ პრობლემებს.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ეკონომიკურმა ზრდამ, ტურიზმის განვითარებამ, ურბანულ დასახლებებში ცხოვრების აქტიური წესის დანერგვამ ნარჩენების, მათ შორის, პლასტმასის მოხმარების და შემდგომში პლასტმასის ნარჩენების ზრდა გამოიწვია. ნარჩენების მართვის სისტემით, საქართველო ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს და მიუხედავად რიგი საკანონმდებლო ინიციატივებისა, დღემდე გამოწვევად რჩება ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაცია, უკვე წარმოქმნილის სეპარაცია და რეციკლირება. მსოფლიო შეთანხმდა იმ აზრზე, რომ უკვე წარმოებული პლასტმასისგან, გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირების ერთადერთი გზა მისი გადამუშავებაა. მაგალითად, მაშინ როდესაც ნორვეგიაში პლასტმასის 97%-ის გადამუშავება ხდება, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 2%-აც კი არ უტოლდება. შავი ზღვა გახლავთ ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ზღვა, ხოლო შავი ზღვის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებში - ერთ-ერთი მოწინავე საქართველოა. საქართველოს მთავარ ურბანულ ნაწილს შავი ზღვის სანაპიროზე, წარმოადგენს ბათუმი, რომელიც გარშემორტყმულია მთებიდან მომავალი მდინარეებით, რომლებითაც თავის მხრივ ყოველდღიურად საგანგაშო რაოდენობის ნარჩენები შედის შავ ზღვაში და უდიდეს ზიანს აყენებს ეკოსისტემას. შავი ზღვის ნარჩენების 80%-ზე მეტი პლასტმასია, რომლის ნაწილიც სანაპიროებს ანაგვიანებს, ხოლო ძირითადი ნაწილი კი ტალღებს ნაპირისგან შორს მიაქვთ და ზღვის შუა გულში პლასტმასის ნარჩენების დიდ, მოტივტივე კუნძულებს ქმნიან. ეს ნარჩენები მცირე ნაწილებად იშლება, რომლებსაც ზღვის ცხოველები ჭამენ. საბოლოოდ კი ისინი ან ზღვაშივე კვდებიან ან მათი დაჭერისა და მოხმარების შედეგად მიკროპლასტმასი ჩვენ ორგანიზმში ხვდება. რაც შეეხება ნიადაგს - იქ მოხვედრილი ნარჩენების 25 პროცენტსაც პლასტმასი წარმოადგენს. გარემოში მოხვედრისას პლასტმასი ბლოკავს წყალსადენებს, იჭედება საკანალიზაციო არხებში და კარგ გარემოს ქმნის მწერების გამრავლებისთვის, რაც დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის. ასევე, მიკროპლასტმასით დაბინძურება ნიადაგში მცხოვრებ ტკიპებს, ლავრებს და მიწის ნაყოფიერების განმაპირობებელ პატარა არსებებს საგრძნობლად აზიანებს. ნიადაგში მცხოვრები ეს არსებები ადამიანის შიშველი თვალისთვის რთულად შესამჩნევია. თუმცა, ისინი ნახშირბადის და აზოტის გადამუშავებასა თუ ორგანული ნივთიერებების ბაქტერიების საკვებად დაშლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პლასტმასის ნარჩენების დაშლას ნიადაგში ოთხ საუკუნეზე მეტი ჭირდება. პროექტის განსახორციელებლად პირველ რიგში აუცილებელია გამოიყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპეციალური ტერიტორია, სადაც განთავსდება პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო, რომლის საშუალებითაც მოხდება პლასტმასის გადამუშავება და სხვადასხვა ნივთისა თუ ინვენტარის დამზადება. იქიდან გამომდინარე რომ ეკოლოგიურ საკითხებზე საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს ახალგაზრდები წარმოადგენენ - განათლების სამინისტროსთან ერთად, საპილოტედ უნდა შეირჩეს 10 სკოლა და 5 უმაღლესი სასწავლებელი, სადაც დაიდგმება სპეციალურად პლასტმასის ნარჩენებისთვის განკუთვნილი ბოქს-ურნები, მოხდება პლასტმასის შეგროვება და მისი ტრანსპორტირება. გეგმის განსახორციელებლად სასურველია პროექტში ჩართული იყოს შპს „სანდასუფთავება“, რითაც ერთიორად გაიზრდება და დაჩქარდება შედეგების მიღწევა. გადამუშავებული პლასტმასი შესაძლებლობას მოგვცემს დავამზადოთ მაგიდები, სკამები, ნაგვის ურნები და ბავშვთა გასართობი მინი-ატრაქციონები, რომლებითაც ქალაქის სხვადასხვა წერტილში გაკეთდება ახალი ეკო-სკვერები, ან განახლდება ძველები. ადგილზე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო დაფები, სადაც აღნიშნული იქნება ეკო-სკვერების მნიშვნელობა და ბენეფიტები. ასევე, გადამუშავებული პლასტმასით შევძლებთ დავამზადოთ სპეციალური სკამები და მერხები, რომლებითაც საპილოტე სკოლებში მთლიანად მოვაწყობთ გეოგრაფიისა და ბიოლოგიის საკლასო ოთახებს.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის შედეგები მრავალფეროვანია: პირველ რიგში, ფეხს ავუწყობთ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს და განვითარებული ქალაქებივით დავიწყებთ ნარჩენების გადამუშავებას; შევამცირებთ ნიადაგის დანაგვიანებას, შესაბამისად შევამცირებთ შავი ზღვის დანაგვიანებასაც - რაც თავის მხრივ საშუალებას მოგვცემს ნიადაგის დაზიანებით არ დავარღვიოთ ნახშირბადის ფუნქციონირება და გადავარჩინოთ ზღვის ცხოველები; ეკო სკვერების გაკეთებით შევამცირებთ არამარტო მუნიციპალურ ხარჯებს, არამედ ხის გაჩეხასაც; ეკო-საკლასო ოთახები მოსწავლეებს საშუალებას მიცემს პირდაპირი კავშირი ჰქონდეთ მათ მიერ შეგროვებულ, პლასტმასის გადამუშავების შედეგად მიღებულ მერხებთან, რაც რა თქმა უნდა გაზრდის მათ ცნობიერებას - გარემოს პლასტმასით დაბინძურებასთან დაკავშირებით.
განმარტება:
განაცხადის განხილვის ეტაპზე დადგინდა, რომ იდეა ატარებს კომერციულ ხასიათს და გათვალისიწინებული ღონისძიებები სცდება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებსა და თემატიკის ფარგლებს, აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს N18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.დ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში წარდგენილი იდეები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

  1. 2021-10-06 12:43:08 მამუკა დარჩია

    იდეა მისასალმებელია. ეკოლოგია + წარმოება. სასურველია დეტალიზებული ხარჯთაღრიცხვის და ბიზნესპროექტის წარმოდგენა (დანადგარების, საწარმოო ციკლი, სხვა აუცილებელი რესურსი, შემსდგომი ფუქნციონირების ხარჯები, სამეწარმეო საქმიანობის ფორმატი, სანებართვო პირობები და ა,შ,)

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო