პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტი ემსახურება სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებს როგორიცა: დაუნის სინდრომი, აუტიზმის სპექტრი, ინტელექტუალური დარღვევა, მხედველობის დარღვევა და ა.შ. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნულ ადამიანებს აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებაში, ჩამოყალიბნდნენ სრულუფლებიან წევრებად და განავითარონ ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საჯარო სკოლების აღსაზრდელები 7 წლის და ზევით ასაკის, რაც ხელს შეუწყობს მათ დამეგობრებას. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს (დამატებითი ერთი თვე მოხმარდება პროექტის მომარაგებას რესურსით და ბენეფიციარების შერჩევას). ზაფხულის განმავლობაში სამ ეტაპად ჩატარდება ფესტივალი: . მუს თერაპია - ივლისის თვე; 2. არტ თერაპია - ივლისის თვე; 3. ინკლუზიური სპორტი - აგვისტოს თვე. ფესტივალები ჩატარდება ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან, ბათუმის ბულვარის ქვიშის/ რბილი ზედაპირის მქონე მოედანზე და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.
ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმები:
მულტიდისციპლინალური გუნდის დასკვნა;
ბენეფიციარი არ უნდა ავლენდეს აგრესიას სხვის და საკუთარი თავის მიმართ;
ბენეფიციარს უნდა შეეძლოს მასწავლებლის მითითებების გაგება;
უნდა იყოს 7 წლის და ზევით ასაკის;
თერაპიის შინაარსობრივი მხარე
არტ-თერაპია - შშმ ბავშვები, მოხალისეებთან ერთად, ფესტივალის განმავლობაში შექმნიან ნამუშევრებს, გადმოსცემენ თავიანთ ემოციებს.
ინკლუზიური სპორტი - შშმ ბავშვები, მოხალისეებთან ერთად, ფესტივალის განმავლობაში ჩაერთვებიან სახალისო და პარაოლიმპიურ სპორტულ აქტივობებში.
მუს-თერაპია - შშმ ბავშვები, ფესტივალის განმავლობაში წარადგენენ მუსიკალურ სკეჩებს, მოხალისეებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილისამებრ ჩაერთონ აქტივობაში.
იმისათვის, რომ ფესტივალი იყოს სრულყოფილი და მრავალფეროვანი, მოსწავლეების გადასამზადებლად, განსაზღვრული დროით (4 თვის განმავლობაში) მოწვეული იქნება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები (იხ. მასწავლებლების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დანართი 1), რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარებიან განავითარონ ფესტივალისთვის საჭირო აქტივობები. შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია ხანგრძლივი დროით მუშაობა. სამუშაოს დატვირთვიდან და ხარისხიდან გამომდინარე თითოეულ მასწავლებელს დაენიშნება მინიმუმ 2 ასისტენტი ( ასისტენტის დახმარება წარმოადგენს აუცილებლობას, როგორც მოსწავლისთვის ასევე მასწავლებლისთვის). თითოეული მოსწავლე საჭიროებს ყურადღებას და დახმარებას სამუშაო პროცესის დროს. პროექტს ეყოლება ერთი ხელმძღვანელი (იხ. ბიუჯეტი - ადამიანური რესურსი). ასევე პროექტში მოწვეული იქნება მუსიკალური სკეჩებისთვის რეჟისორი. იურისტი, რომლის მოვალეობა იქნება პროექტის მონაწილეთა უფლებების დაცვა, იურიდიული საკითხების მოგვარება როგორიცაა: პროექტში მონაწილე თანამშრომლების სამუშაო ხელშეკრულება, დროებითი თხოვების ხელშეკრულება და სხვა.
პროექტი უზრუნველყოფს ბენეფიციარების გადაადგილებას სახლიდან სკოლამდე და უკან. ტრანსპორტის ხარჯი გათვალისწინებულია ბიუჯეტში (დღიური ანაზღაურებით) და მომსახურების ვადა შეადგენს 4 თვეს (სულ: 32 დღე).
ადამიანური რესურსის დაფინანსება: მასწავლებლის, ასისტენტის, რეჟისორის, იურისტის და ხელმძღვანელის ანაზღაურება მოხდება ყოველითვის ბოლოს არაუგვიანეს 27 რიცხვისა (4 თვის განმავლობაში). ( იხ. ბიუჯეტი - ადამიანური რესურსის ნაწილი). ბიუჯეტში გაწერილი ანაზღაურების თანხა შეიცავს საშემოსავლო და საპენსიო დანამატს. თითოეული თანამშრომლის ხელფასი განისაზღვრა შრომის დატვირთვის შესაბამისად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის სირთულეს წარმოადგენს: შედეგის შენელებული ტემპით მიღება, ბავშვების მხრიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს გამოვლენილი სირთულეები, აქტივობების დროს მუდმივი მხარდაჭერის და დახმარების საჭიროება, სასწავლო პროცესის წარმარტებით წარმართვის მიზნით მულტიმოდალური მიდგომის სტრატეგიების დამუშავება/მოძიება.
თანამშრომლების მიღების პროცესი: მასწავლებელს და ასისტენტს, იურისტს, რეჟისორს უნდა გააჩნდეთ შშმ პირებთან მუშაობის კვალიფიკაცია.
ფესტივალის მოსამზადებელი ნაწილი ჩატარდება ბათუმის N26 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, რომელიც აღჭურვილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პანდუსით, მოპირკეთებული საპირფარეშოებით და ადაპტირებული გარემოთი. (იხ. დანართი 2 სკოლის დირექციის თანხმობა).
პროექტი, აპრილის თვეში მომარაგდება საჭირო აღჭურვილობით (იხ. ბიუჯეტის ნაწილი), სამუშაო ნაწილი დაიწყება მაისის თვეში და დასრულდება აგვისტოს თვეში. პროექტის მსვლელობა გაზიარებული იქნება ყველა სოციალურ ქსელში, ასევე ადგილობრივი ტელევიზიის და მედიის საშუალებით, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის სამუშაოები განხორციელდება სასკოლო პროცესისგან თავისუფალ დროს, შაბათს და კვირას. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ განიტვირთონ, შეისწავლონ ხელსაქმე.
პროექტის პოპულარიზაციისთვის შესყიდვების ბიუჯეტში გაწერილია პროფესიონალური ფოტო აპარატი. ამ ნივთის შეძენის აუცილებლობას წარმოადგენს მისი გადაღების ხარისხი. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ნამუშევრები და აქტივობები უნდა იყოს ორიგინალური ფერების გამოსახულებით. მაგ: ტილოზე დატანილი ფერები არ უნდა კარგავდეს მის პირვანდელ სახეს, რადგან ხელოვნების ექსპერტების და საზოგადოების მხრიდან მოხდეს მათი ზუსტი შეფასება.
ფესტივალზე მოწვეული იქნება სპორტის, ხელოვნების და მუსიკის ექსპერტები.
პროექტთან დაკავშირებული რისკები: კოვიდ ინფიცირების შემთხვევაში მშობლის მომართვის საფუძველზე ბენეფიციარის ვერ გამოცხადება. (პროექტის მსვლელობის დროს გათვალისწინებული იქნება ყველა აუცილებელი რეგულაცია და რეკომენდაცია, კოვიდ ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით).
მოსალოდნელი შედეგი:
ფესტივალში შშმ ბავშვებთან ერთად აქტივობაში მონაწილეობას მიიღებენ ჩამოსული ტურისტები და ადგილობრივი საზოგადოება (მოხალისეები), რაც ხელს შეუწყობს შშმ ბავშვების მოტივაციის და თვითრწმენის ამაღლებას. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გამოავლინონ მათი შესაძლებლობები, გაიზიარონ და აღმოაჩინონ სიახლეები, შეიძინონ მეგობრები, გააცნონ და გაუზიარონ უცხოელ საზოგადოებას ქართული კულტურა, ჩართონ მოხალისეები ინკლუზიური სპორტის, ხელოვნებისა და მუსიკის აქტივობებში. განავითარებენ შემოქმედებით და მოტორულ უნარებს, რაც აამაღლებს მათი სასწავლო პროცესში ჩართულობას, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარებს, თავიანთი ფანტაზიით შექმნიან ნამუშევრებს, დაეუფლებიან მათ უნარებზე/შესაძლებლობებზე მორგებულ სპორტულ სახეობებს. მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები და გაუზიარონ და დააინტერესონ საზოგადოება მსგავსი თერაპიიებით, რაც უფრო აამაღლებს თერაპიების პოპულარიზაციას.
კომენტარები