ინსტრუქციები

წინამდებარე ინსტრუქციაში დეტალურად გაეცნობით პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელად გასათვალისწინებელ საკითხებსა და ნაბიჯებს.

ტერმინთა განმარტებები

  1. იდეა – პროგრამის ფარგლებში დადგენილი ფორმატით ჩამოყალიბებული და წარმოდგენილი აზრი, ჩანაფიქრი, ხედვა, რომელიც მოიცავს მიზანს, დასაბუთებას და აღწერას, შესრულების ვადებს, მოსალოდნელ შედეგს და სავარაუდო ბიუჯეტს.
  2. აპლიკანტი – საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პროგრამის ფარგლებში წარადგენს იდეას (განაცხადის სახით);
  3. პროექტი – იდეა, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და გადადის ხმის მიცემის ეტაპზე;
  4. სისტემის მომხმარებელი – პროექტისათვის ხმის მიცემის მსურველი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკიც აღემატება 18 წელს.

პიროვნების რეგისტრაცია

პროექტში მონაწილეობისთვის (იდეის რეგისტრაცია ან/და ხმის მიცემა) აუცილებელია მოქალაქემ გაიაროს ერთჯერადი რეგისტრაცია, რისთვისაც დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა და მოქმედი მობილური ტელეფონის ნომერი.

რეგისტრაციის პროცესი

  1. რეგისტრაცია შესაძლებელია გაიარო ონლაინ
  2. რეგისტრაცია ასევე შეგიძლია გაიარო ბათუმის მერიაში ან 14 სერვის ცენტრში (მერიის წარმომადგენლობა ბათუმის უბნებში, თან იქონიე ID ბარათი )
  3. რეგისტრაციის შედეგად მოქალაქეს სატელეფონო შეტყობინების სახით ეგზავნება მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლითაც შესაძლებელი ხდება ონლაინ პლატფორმაზე www.idea.batumi.ge-ზე ავტორიზაციის გავლა, იდეის დარეგისტრირება ან/და რჩეული იდეისთვის ხმის მიცემა.

იდეების რეგისტრაცია

იდეის წარდგენა ხდება ონლაინ ვებგვერდზე www.idea.batumi.ge სპეციალური ფორმის შევსებით

  • მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის ფარგლებში საპროექტო განაცხადების წარდგენა შეუძლია საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს.
  • თითოეულ მოქალაქეს შეუძლია სამი იდეის დარეგისტრირება.
  • იდეის წარდგენა ხორციელდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ წინასწარ დადგენილ ვადაში და ფორმატით.

იდეის კრიტერიუმები

რეგისტრირებული იდეა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • იდეის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში;
  • იდეით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა ექცეოდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში;
  • იდეის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში განსაზღვრულ პროექტის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას;
  • იმ შემთხვევაში, თუ იდეის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ქონება უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
  • განაცხადის ფორმა სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული;
  • იდეა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას;
  • იდეა არ უნდა იყოს დაფინანსებული წინა წლებში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, არ უნდა იყოს სხვა პროექტის ანალოგიური ვერსია, ასევე არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს.

იდეების ანალიზი

მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული იდეების ანალიზს ახორციელებს მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საკრებულო, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, დარგის სპეციალისტები და მოქალაქეები.:

იდეების ანალიზი ხდება წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. იდეა, რომელიც არ შეესაბამება განსაზღვრულ კრიტერიუმებს ვერ გადადის ხმის მიცემის ეტაპზე და მიეთითება დეტალური მიზეზი, თუ რატომ არ იქნა შერჩეული აღნიშნული იდეა შემდეგ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად, ხოლო იდეები რომლებიც გაივლის აღნიშნულ ნაწილს, გადადის ხმის მიცემის ეტაპზე.

იდეების ანალიზის შედეგები თავსდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პლატფორმაზე - IDEA.BATUMI.GE

გამარჯვებული იდეების გამოვლენა

  • გამარჯვებულ იდეებს ავლენენ მოქალაქეები ვებ-გვერდზე www.idea.batumi.ge ხმის მიცემის გზით.
  • ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობს ის იდეები, რომელიც აკმაყოფილებს განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
  • ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში.
  • ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის უფლება გააჩნია ქ. ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს, რომლის ასაკი აღემატება 18 წელს.
  • ხმის მიცემის პროცესში მონაწილე მოქალაქეს უფლება აქვს ხმა მისცეს მხოლოდ ერთხელ სამ რჩეულ იდეას;
  • ხმის მისაცემად აუცილებელია პირველადი/ერთჯერადი რეგისტრაციის გავლა და ვებ-გვერდზე ავტორიზაცია, რისთვისაც გამოიყენება მოქალაქის პირადი ნომერი.
  • ის პირები, რომელთაც არ აქვთ ელექტრონულად ხმის მიცემის შესაძლებლობა, მიმართავენ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციას, საჯარო ბიბლიოთეკას, ან სერვისცენტრებს, სადაც მათ მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ხმის მიცემის პროცედურაში.
  • საპროექტო განაცხადების რეიტინგის ფორმირება ხორციელდება ხმის მიცემის პროცედურის შედეგად მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისად.
  • ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე გამარჯვებულად ჩაითვლება პროექტი, რომელიც დააგროვებს ხმის მიცემაში მონაწილე მოქალაქეების არანაკლებ 20%-ის ხმას.
  • მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო ადასტურებს ხმის მიცემის პროცედურის შედეგებს.

ბიუჯეტში ასახვა

პროექტები, რომლებიც ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე დააგროვებენ საუკეთესო შედეგებს რიგითობის მიხედვით, პროექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მოცულობის ფარგლებში, ასახული იქნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტში და დაექვემდებარება დაფინანსებას.


იდეის რეგისტრაციის სურვილის შემთხვევაში იხილეთ იდეის რეგისტრაციის განაცხადის ფორმა

იხილეთ იდეის განაცხადის ფორმა