იდეის ნომერი: 20211
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: დარინა მელაძე
განხორციელების ვადა (დან): 2023-03-01
განხორციელების ვადა (მდე): 2023-10-20
ბიუჯეტი: 147000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

პროექტის ავტორი

1

3000

პროექტის მენეჯერი

1

3000

პროექტის კოორდინატორი

1

3000

სამუშაო ჯგუფი

5

6000

სარეკლამო - პიარი

1

20000

დიზაინერი

1

3000

ლოკაციის მოწყობა - დეკორაცია

1

80000

ტექნიკური პერსონალი

5

1000

MedFest Batumi

პროექტის მიზანი:
პირველად საქართველოში და კერძოდ ბათუმში საგანმანათლებლო, კულტურული, შემეცნებითი და სანახაობრივი ხასიათის ღია სამედიცინო ფესტივალის ჩატარება.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ქართველ ერს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უძველესს, გვაქვს მრავალი ისტორიული მემკვიდრეობა და ღირსება. ერთ-ერთი სწორედ მედიცინა გახლავთ. აღნიშნულს ადასტურებს მსოფლიოში აღიარებული არაერთი სარწმუნო ისტორიული ფაქტი. მაგ: სიტყვა მედიცინა დაკავშირებულია კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან; მე-18 საუკუნეში მოღვაწე მედიცინის ისტორიის კლასიკოსი კურტ იოაჰიმ შპრენგელი თავის ძირითად ნაშრომს "CURA MEDIANA"-თი, ანუ მედეასებური მკურნალობით იწყებს; ქართულ მედიცინაზე მეტად საინტერესო მასალას იძლევა ქართული ჰაგიოგრაფია (V-VIსს), კერძოდ - "შუშანიკის წამება" და" წმინდა ნინოს ცხოვრება". ამ ძეგლებიდან ირკვევა, რომ ამ დროს ქართულ მიწაზე არსებობდნენ "მეცნიერნი კურნებისა", "ხელოვანი მკურნალნი", ამავე პერიოდით თარიღდება პირველი ქართული საავადმყოფოების დაარსება; X საუკუნით თარიღდება ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული სამედიცინო წიგნები - ქანაანელის "უსწორო კარაბადინი" და ხოჯაყოფილის "წიგნი სააქიმოი"; სულხან-საბა ორბელიანის (XVII ს) ლექსიკონი მოიცავს 50-მდე ანატომიურ-ფიზიოლოგიურ ტერმინს, 160-მდე დაავადების სახელწოდებას, სიმპტომთა აღმნიშვნელ 40-მდე სიტყვას და 140-მდე სამკურნალო მცენარის დასახელებას. ზემოთ აღნიშნული არგუმენტები მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ადასტურებს ქართული მედიცინის სისხლსავსეობას ყოველ ეპოქაში და გვაძლევს სტიმულს ვიყოთ ამ უდიდესი ისტორიული სამეცნიერო მემკვიდრეობის ღირსეული მემკვიდრენი - ვიზრუნოთ ყველაზე მნიშვნელოვანზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ვისწავლოთ და ვასწავლოთ. სწორედ ამიტომ, გაჩნდა იდეა MedFest Batumi - ფესტივალი, რომელიც ნებისმიერ არასამედიცინო განათლების მქონე პირს, მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდებს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო ინფორმაციას უახლესი და მაღალი სანდოობის მქონე სამედიცინო წყაროებიდან (UpToDate, PubMed, BMJ..), გაუზრდის ცოდნას და თავდაჯერებულობას დროული პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის, შეეხება თანამედროვე ადამიანისა და გარემოს აქტუალურ სამედიცინო პრობლემებს. მეტი სიცხადისთვის: ფესტივალი ჩატარდება ევროპის მოედანზე, სადაც აღმართულია კოლხი მედეას ქანდაკება. აქედან დაიწყება - (პირობითად - სივრცე 1) "ქართული მედიცინის ისტორიულ გზა". გარდა აღნიშნულისა, ლოკაციაზე განთავსდება კიდევ 4 თვალსაჩინო ბანერით აღნიშნული სივრცე, რომელსაც ექნება მისთვის დამახასიათებელი თემატიკა და აქტივობები (ვორქშოპები). სივრცეებში ვიზიტორებს უმასპინძლებს ჯანმო-ს სტანდარტებთან შესაბამისი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე სამუშაო ჯგუფი (2 წევრი), რომელიც დაკომპლექტებული იქნება ადგილობრივი ახალგაზრდა ექიმებით, რეზიდენტებით და მოხალისეებით. შემდეგი იქნება "სასიცოცხლო მაჩვენებლები" (ვორქშოპი - სივრცე 2) - აქ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ შეიმოწმონ თავიანთი ვიტალური პარამეტრები და დაეუფლონ ისეთ მარტივ ფუნდამენტურ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა არტერიული წნევის, სისხლში ჟანგბადის შემცველობის (სატურაცია), პულსისა და სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა. ასევე, მიეწოდებათ ინფორმაცია და იხილავენ სხვადასხვა თვალსაჩინო მაგალითს სკრინინგის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე; "პირველადი სამედიცინო დახმარება" (ვორქშოპი - სივრცე 3) - აღნიშნული სივრცე ფესტივალის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და მიზნად ისახავს ბევრად მეტმა არასამედიცინო განათლების მქონე პირმა შეძლოს საგანგაშო სიტუაციის გამოცნობა, მოქმედების გადაწყვეტა, EMS სისტემის გააქტიურება, ზრუნვა სასწრაფო დახმარების მოსვლამდე; "ჯანმრთელობა შენს ხელშია" (სივრცე 4) - თანამედროვე ადამიანისა და გარემოს უდიდესი გამოწვევის - მავნე ჩვევების შესახებ ცნობიერების ზრდა და შედეგების თვალსაჩინო მაგალითები; "ზომიერების სარგებელი და ჯანსაღი ცხოვრება" (სივრცე 5) - მეტი ინფორმაცია ნუტრიციისა და ე.წ "ჩუმი მკვლელების" შესახებ, ასევე, რეკომედაციები ქრონიკული დაღლილობის დამარცხებისა და პრევენციისთვის. ფესტივალზე მოსულ ვიზიტორებს ელის სიურპრიზებიც, მაგ: 10 ყველაზე აქტიურ ვიზიტორს/მოხალისეს, რომელიც გარდა პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების დაუფლებისა, გაიმარჯვებს ვიქტორინაში "მითია თუ რეალობა?"- საჩუქრად გადაეცემა პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა. ფესტივალი გაგრძელდება 2 დღე. ის უზრუნველყოფს ვიზიტორებს შეუზღუდავი რაოდენობით და ინტერნეტის საშუალებით ნახვას შეძლებს 30 000-ზე მეტი ადამიანი.
მოსალოდნელი შედეგი:
* ბათუმი გახდება პირველი ღია სამედიცინო ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორი ქალაქი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის რეგიონში და ღირსეულ ადგილს დაიჭერს ისეთი ცივილური და პროგრესულად მოაზროვნე ქალაქების გვერდით, როგორიც არის ნიუ იორკი, სინგაპური, ლონდონი, სიდნეი, ლოს ანჯელესი და სხვ; * ბევრად მეტი "კეთილი სამარიტელი" და გადარჩენილი სიცოცხლე; * ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერებული ზრდა; * ქართული მედიცინის, როგორც უდიდესი სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; * ქართული მედიცინისა და სამედიცინო საზოგადოების მიმართ ნდობის გაზრდა.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდეის განხორციელება სცდება მერიის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „პროგრამისთვის დადგენილი პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს“ . შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო