ხმის მიცემა
იდეის ნომერი: 20152
სტატუსი: ხმის მიცემის პროცესში
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ილია გუჩმანიძე
განხორციელების ვადა (დან): 2020-10-01
განხორციელების ვადა (მდე): 2021-01-01
ბიუჯეტი: 10000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

ნულოვანი კილომეტრის სკულპტურის (ნიშნულის) შექმნა და მონტაჟი

1

10000

ბათუმის ნულოვანი კილომეტრი

პროექტის მიზანი:
თანამედროვე ურბანისტიკის ნოვაციური ელემენტის ე.წ. ,,ნულოვანი კილომეტრის“ (Kilometre Zero) დანერგვის გზით, ბათუმში ახალი კოლორიტული ლოკაციის შექმნა და ქალაქის ტურისტული მიმზიდველობის გაზდა.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
თანამედროვე ურბანისტიკის გამორჩეული და განსაკუთრებით საინტერესო ელემენტია ე.წ. ,,ნულოვანი კილომეტრი“ (Kilometre Zero), რომელიც ქალაქის საწყის წერტილად და გზების ათვლის ნულოვან ზონად ითვლება. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საქალაქო ინფრასტრუქტურაში - მიწაზე გამოსახული ნიშნულით, სპეციალური მონუმენტით ან სტენდით ფიქსირდება ნულოვანი კილომეტრი. ცალკეულ შემთხვევებში ის დაკავშირებული ისტორიულ ღირებულების მქონე შენობებთან და არქიტექტურულ ძეგლებთან. ნულოვან კილომეტრის მარკირებას სიმბოლური დატვირთვა აქვს და ის ქალაქის ცენტრად, მის საწყის წერტილად არის მიჩნეული, აქტიურ ტურისტულ ლოკაციას და კულტურულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. უცხოური გამოცდილების გაზიარება და წარმატებული ურბანისტული კომპონენტის - ნულოვანი კილომეტრის - ქართულ პრაქტიკაში აპრობირება მიზანშეწონილი და სასარგებლო იქნება. ამ კუთხით კი საქართველოში საუკეთესო შესაძლებლობათა სივრცეს ბათუმი ქმნის, ახალი ნოვაციური ელემენტის დამატება, ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე დადებით აისახება. ბათუმი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და საინტერესო ისტორიული წარსულის მქონე ქალაქია და მნიშვნელოვანია, რომ ნულოვანი კილომეტრი ისტორიულ-კულტურული ფასეულობის მქონე ობიექტს დაუკავშირდეს. ამ თვალსაზრისით არჩევანის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, თუმცა ქალაქის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია ბათუმის შუქურას, რომელიც უკვე 150 წელზე მეტს ითვლის და ის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. შეიძლება ითქვას, რომ შუქურას აგება და ბათუმის ურბანული განვითარების დაწყება ფაქტობრივად ერთდროულად მოხდა. ბათუმი, როგორც საპორტო ქალაქი სანაპიროს გასწვრივ გაშენდა, შენობების ფასადები ზღვისკენ იყო მიმართული და ყველა ქუჩა სწორედ ზღვიდან იწყებოდა. ქალაქისთვის ზღვა მთავარი არქიტექტურული ორიენტირი იყო. საპირისპიროდ, ზღვიდან ბათუმის ორიენტირს კი თავად შუქურა წარმოადგენდა, ათწლეულების განმავლობაში, შავ ზღვაში შემოსული გემები ნავიგაციას სწორედ მისი საშუალებით ახდენდნენ და ის დღემდე ასრულებს აღნიშნულ ფუნქციას. სიმბოლური დატვირთვის გარდა, ასევე აღსანიშნავია რომ შუქურას გააჩნია უნიკალური ადგილმდებარეობა, ის განლაგებულია ბათუმის კონცხის კიდეზე, სადაც გრძედისა და განედის 41 გრადუსიანი პარალელი ემთხვევა ერთმანეთს. ზღვაში შეჭრილი უკიდურესი ლოკაციიდან ათვლის წერტილის დაწყება კიდევ უფრო სიმბოლურს ხდის აღნიშნული ადგილმდებარეობის მნიშვნელობას. გეოგრაფიულ დისლოკაციასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ შუქურა მდებარეობს ქალაქის სარეკრეაციო ზონაში - საოცრებათა პარკში - ანბანის კოშკის, ალი და ნინოს ქანდაკების, ეშმაკის ბორბლისა და იახტკლუბის სიახლოვეს, რაც საგრძნობლად ზრდის ტურისტული მიმზიდველობის ხარისხს. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ისტორიულ-კულტურული ღირებულების, საზოგადოებრივის ფუნქციისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, სიმბოლური იქნება ბათუმის შუქურა გამოცხადდეს ე.წ. ,,ნულოვან კილომეტრად“, მის სიახლოვეს კი მოხდეს შესაბამისი სიმბოლოს ფიქსირება - სკულპტურის, სტენდის ან მიწაზე გამოსახული სპეციალური ნიშნულის სახით.
მოსალოდნელი შედეგი:
აღნიშნული ინიციატივა, ერთი მხვრივ, ხელს შეუწყობს ბათუმის ისტორიული წარსულის ფართოდ წარმოჩენასა და პოპულარიზაციას, ხოლო მეორე მხვრივ, ქალაქის ინფრასტრუქტურას ახალ კოლორიტულ ლოკაციას შემატებს და გაამდიდრებს მის ტურისტულ მრავალფეროვნებას. Kilometre Zero-ს სიახლის ბათუმში დანერგვა, საქართველოში აღნიშნული მოდელის აპრობირების პირველი მაგალითი იქნება და ის ფართოდ გაუხსნის გზას, ქალაქდაგეგმარების პროცესში ევროპიდან წარმატებული ურბანისტული ინიციატივების აქტიურ შემოდინებას.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო