იდეის ნომერი: 20194
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ლევან მამალაძე
განხორციელების ვადა (დან): 2022-11-19
განხორციელების ვადა (მდე): 2023-11-19
ბიუჯეტი: 30000

ღია საკალათბურთო მოედანი პარკში

პროექტის მიზანი:
სამწუხაროდ ბათუმში არ არსებობს არც ერთი ღია საკალათბურთო მოედანი (რათქმაუნდო თუ არ ჩავთვლით ეზოებში მწვანე ნოხის საფარიან მოედნებს, სადაც თამაში და თავშეყრა სახიფათო და მაცხოვრებელთათვის შემაწუხებელია). ამიტომ ვფიქრობ საუკეთესო ინვესტიცია შეიძლება გახდეს ახალი მოედნის შექმნა მოსწავლე ახალგაზდობის პარკში, დელფინარიუმის უკან არსებული უადგილო და სრულიად გაუმართლებელი ავტოსადგომის ტერიტორიაზე. აღნიშნული ლოკაციის არჩევით პარკი განთავისუფლდება ავტომობილების უაზრო და გაუმართლებელი ტრაფიკისაგან და ხარისხობრივად მაღალ საფეხურზე აწევს თავის მნიშვნელობას როგორც სარეკრეაციო ზონა. ღია საკალათბურთო მოედნის გაჩენა უდიდესი საჩუქარი იქნება როგორც კალათბურთის მოყვარულთათვის, ასევე ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ტურისტებისთვის და ახალგაზრდობისათვის. ეჭვგარეშეა რომ ახალი ხარისხიანი სპორტული ლოკაციის გაჩენა ყველასათვის პოზიტიური და სასიამოვნო ჟესტი და სჩუქარი იქნება ქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან. რაც შეეხება ამ პროექტის უპირველეს მიზანს და დანიშნულებას, ესენია : ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება, ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ აქტივობებში, მათვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა, ახალი ურთიერთობის და მეგობრების შეძენის საშუალება, კალათბურთის და სპორტის მოყვარულთათვის უსაყვარლესი ლოკაციის გაჩენა შუა გულ ქალაქში, პარკის როგორც სარეკრეაციო სივრცის ხარისხის და მნიშვნელობის ახალ საფეხურზე აყვანა, ქალაქის სტუმრებისა თუ ტურისტებისთვის ახალი სპორტული ლოკაციის შექმნა.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
იმ შემთხვევაში თუ ქალაქის მუნიციპალიტეტი და პარკის ადმინისტრაცია განიხილავს პარკის ტერიტორიაზე არსებული გაუმართლებელი პარკინგის გაუქმებას, რითიც სარეკრეაციო სივრცეში ავტომობილების მოძრაობას და მათი გამონაბოლქვის არსებობას აღმოფხვრის, საჭირო იქნება მინიმალური ძალისხმევა და ფინანსები შედარებით იმ დიდ შედეგთან და ეფექტთან რომელსაც მოუტანს პარკში ახალი სპორტული ლოკაციის გაჩენა. პროექტის ფარგლებში საჭირო იქნება ტერიტორიის გამოყოფა, დაახლოვებით ორი კორტის ზომის, 4 საკალათბურთო ფარის დამონტაჟება, განათების სიტემა და კორტის მოხატვა.
მოსალოდნელი შედეგი:
1. ახალი სპორტული სივრცის გაჩენა ქალაქში. 2. აქამდე ბათუმში არ არსებული ღია საკალათბურთო მოედნის წარმოქმნა. 3. პარკის ავტომობილების სადგომისაგან და მათი ტრაფიკისაგან გაწმენდა. 4. ყველასათვის ქალაქში ახალი საყვარელი ლოკაციის წარმოქმნა.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ მსგავსი იდეა უკვე გამარჯვებული არის პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში 2020 წელს, რომელიც უკვე განხორციელდა (ღია საკალათბურთო მოედანი მოეწყო ადლიის დასახლებაში კოტე აფხაზის ქუჩა N4-ში). აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ზ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „იდეა არ უნდა იყოს დაფინანსებული წინა წლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, არ უნდა იყოს სხვა პროექტის ანალოგიური ვერსია, ასევე არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს“. ასევე, იდეის ავტორის მიერ მითითებული ტერიტორია უზუფრუქტის ფორმით გადაცემულია შპს ,,შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ სარგებლობაში. რაც შეეხება სხვა ტერიტორიაზე პროექტის - ,,ღია საკალათბურთო მოედანი პარკში“ განხორციელებას, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ამ ეტაპზე არ არის რეგისტრირებული შესაბამისი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

  1. 2022-11-25 12:52:27 ლევან მამალაძე

    მოგესალმებით, უპირველესყოვლისა მადლობა რომ დამიკავშირდით. მინდა გაცნობოთ, რომ მე ვერ მოგაწოდებთ სრულ, ან და ზუსტ ხარჯთაღრიცხვას, ვინაიდან ნაკლებად ჩახედული ვარ ამ სფეროში და მეორეც ფასები საკმაოდ პოლარულია და რთულია საშუალოდაც კი გამოთვლა, ყველაფერი დამოკიდებულია მასშტაბებსა და ხარისხზე. აქვე მინდა გკითხოთ 2020 წლის გამარჯვებულ პროექტზე "ქუჩის კალათბურთი" იდეის ნომერი : 20069 - რა ბედი ეწია ან გამარჯვებული. რახან იყო და პანემიის გამო შეყოვნდა იქნებ ეს ორი იდეა გავაერთიანოდ. საქართველოში არსებული კომპანია sportsstructures.ge-ის მიერ მოწოდებული ფასით მხოლოდ საფარის ღირებულება იქნება 45 ევრო 1 მ2. ანუ ჯამში ანუ ორი სტანდარტული კორტის შემთხვევაში მხოლოდ საფარს (საუკეთესო ხარისხზეა საუბარი) დასჭირდება 135 000 ლარი. 4 ფარი - დაახლოვებით 5 000 ლარი. განათება - 10 000 ლარი. ჯამური ბიუჯეტი - 150 000 ლარი, იმ შემთხვევაში თუ კი ფასებს მე ვადგენ((( რეალურად მესამედიც ეყოფა. პს: რაც შეეხება ხარჯს, გალფი მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს მსგავსი პროექტების განხორციელებას საკუთარი ხარჯებით, თუ მუნიციპალიტეტი შეძლებს ტერიტორიის გამოყოფას შესაძლებელია ინვენტარის და საფარის ხარჯების აცილება. პატივისცემით, ლევან მამალაძე

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო